თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ავსტრიის პოლიციის თანამშრომლებმა ვენაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 29, 31 და 44 წლის ბოროტმოქმედები ერთ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი გვერდით მცხოვრებმა ქალმა შეამჩნია. სწორედ ამ ქალბატონმა შეატყობინა პოლიციას, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ერთი პირი დააკავა, ორმა კი მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავებაც შეძლეს.
ამ ფაქტის გარდა, ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა საიუველირო მაღაზიის გაძარცვისთვის.
პირველი არხის ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი 2017 წლის ივნისში ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 60 ათასი ევრო და ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა აღიარა, რომ აღნიშნული თანხა მას საქართველოში ვალის გადასახდელად და ნარკოტიკების შესაძენად სჭირდებოდა. მისი სიტყვებით, ძვირფასეულობა მან ვენაში ერთ-ერთ ნარკომოვაჭრეს მისცა, რომელმაც სანაცვლოდ თანხა და პრეპარატი მეტადონი მისცა.