თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება გამოაცხადოს მობილიზაცია როგორც სამხედრო, ისე საგანგებო მდგომარეობის დროს, ნათქვამია ცვლილებებში, რომლებიც შევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონში „მობილიზაციის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის თანახმად ქვეყანაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი ფორმატი ჩამოყალიბდება. საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამისი პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტს 29 იანვარს წარუდგინა. შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის თქმით, სამინისტრო თავდაპირველად გეგმავდა საგანგებო მდგომარეობისას მობილიზაციის უფლებამოსილების გადაცემას მთავრობისთვის, მაგრამ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ფუნქცია პრეზიდენტს უნდა დარჩეს.
რაც შეეხება თავად სარეზერვო სამსახურს, საქართველოში ორი ტიპის რეზერვი ჩამოყალიბდება — აქტიური და სამობილიზაციო. აქტიურ რეზერვში შევა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება. ამ სამსახურის რეზერვისტებთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
რეზერვისტის წლიური ხელფასი იქნება 2090 ლარი პლუს 1492 ლარი. პირველი თანხა გადანაწილდება ყოველთვიურ ხელფასზე წოდებისთვის, მეორე კი — სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის.
რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, მასში სამსახური სავალდებულო იქნება, და მის მიზანს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება წარმოადგენს.
რეფორმას დადებითად აფასებენ ოპოზოციის წარმომადგენლებიც.
„სარეზერვო სამსახურის ფარგლებში შესაძლებელია მოქალაქეებს მივცეთ საწყისი საბრძოლო მომზადების შესაძლებლობა და შემდგომ მივცეთ საშუალება გააგრძელონ ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში, არ ჰქონდეთ ვალდებულება თვეების განმავლობაში. ჩვენი შენიშვნა არის მხოლოდ პოლიტიკის მიმართ და ტექნიკური შენიშვნების მიუხედავად, სარეზერვო სამსახურის შექმნას ჩვენ მხარს ვუჭერთ“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.