მეტი ვაჭრობა და რეფორმები - რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და მოგერინიმ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი
გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფედერიკა მოგერინიმ შეაქო საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებისათვის და მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე იმსჯელა

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. წარმატებული სავაჭრო თანამშრომლობა, უვიზო რეჟიმი და საქართველოში მიმდინარე რეფორმები გახდა მთავარი თემები ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გამართეს.

პრესკონფერენცია გაიმართა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს პროგრესი, რომელიც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ (DCFTA) შეთანხმების კუთხით. სხდომაზე ასევე იმსჯელეს შეთანხმების პრიორიტეტებზე და დღის წესრიგზე 2020 წლამდე.

„ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროპის მოედანი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება

თავის გამოსვლაში კვირიკაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2017 წელს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპულ ბაზრებზე თაფლისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტი დაუშვა.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს მისცა ახალი შესაძლებლობები. დღეს ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციას, რომელიც ასევე იზრდება: შარშან კომისიამ აგვინთო მწვანე შუქი ქართული თაფლისა და შავი ზღვის თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე“, — განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის სექტემბერში თბილისში გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელშიც ისწავლიან სტუდენტები პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან — სომხეთიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

„თბილისში შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც სექტემბერში კარს გაუღებს სტუდენტებს ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან. მადლობას მოვახსენებთ ევროკავშირს ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ვაფასებთ დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2017-2020 წლებში საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილია 450 მილიონი ევრო“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს 77,5 მილიონი ევროსთვის, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში გამოიყო.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
უთანხმოება ბარიერი არ არის - რა უთხრა კარასინმა აბაშიძეს პრაღაში?

„ჩვენ მადლობელნი ვართ, ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დღესაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა სოფლის განვითარების კუთხით, ხდება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და „ნოუ-ჰაუს“ გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორში“, — დასასრულს აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მოგერინი თავის გამოსვლაში შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავაჭრო კავშირების დამყარებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობას.

„ჩენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ვიხილეთ, რომ მეტი ქართული პროდუქტი გაიყიდა ევროკავშირში და მეტი პროდუქტით ისარგებლეს ევროკავშირის მოქალაქეებმა. ქართული ექსპორტი ევროკავშირში 37%-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონას ნამდვილად აქვს დიდი გავლენა და იმ რეფორმების შედეგად, რომლებსაც თქვენი მთავრობა აგრძელებს, სარგებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნისა და სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით“, — განაცხადა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეეხო უვიზო რეჟიმის საკითხს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017 წლის მარტში ამოქმედდა. გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, საერთო ჯამში, კარგად სრულდება.

„ამჟამად 170 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. ჩვენს შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებაც ასევე კარგად მიმდინარეობს, როგორც ეს დეკემბერში ევროკომისიამ აღნიშნა“, — აღნიშნა მოგერინიმ.

ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობა: ქართული პროდუქციის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის დეკემბერში მიიღეს, რომელთა თანახმად ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, რომლებიც საქართველოში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

„ჩვენ განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგები, ასევე ადგილობრივი არჩევნების შედეგები, რომლებიც იყო კონკურენტუნარიანი და ვიხილეთ, რომ დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. შევთანხმდით ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის პატივისცემის და სასამართლო დამოუკიდებლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს მხარდაჭრას ამ მიმართულებით“, — განაცხადა მოგერინიმ.

პრესკონფერენციაზე მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიეული მთლიანობის მხარდაჭერა.

ყველა ახალი ამბავი
0