თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა — საქმე ეხება ქობულეთში მუსლიმური სასწავლებლის (მედრესეს) წაბილწვას, ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა მარიამ ბეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში განაცხადა.
ინციდენტი 2014 წლის 11 სექტემბერს მოხდა. მუსლიმური სასწავლებლის (მედრესეს) გახსნით უკმაყოფილო ქობულეთის მოსახლეობამ შენობის შესასვლელში ღორის თავი დაკიდა. პოლიციამ სამი პირი დააკავა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი გაათავისუფლეს, თუმცა თითოეულს 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე დაიხურა.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროპულმა სასამართლომ მისცეს სრულფასოვანი შეფასება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ არის ჩადენილი და მოვითხოვთ, რომ ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მოსთხოვოს არა მხოლოდ ზარალის ანაზღაურება კონკრეტული პირებისთვის, არამედ ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უმცირესობებს ასეთი დანაშაულებისგან დაიცავს“, — განაცხადა ბეგაძემ.
სარჩელში არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაზე, მათ შორის არის „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა“, „რელიგიის თავისუფლება“ და „განათლების უფლება“.
ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებზე არაადექვატურ რეაგირებაში დაადანაშაულა. ხელისუფლებამ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და ამ ფაქტის გამოძიების პირობა დადო.