ზამთრის ოლიმპიადაზე ფიონგჩანგში საქართველოდან ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო თავის წარმომადგენლებს ოლიმპიადაზე 5 თებერვალს გააცილებს.

სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე (9-25 თებერვალი) 10 დღე დარჩა. მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობა პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც განსაზღვრა.

ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე, რა ამოცანები დგას სპორტსმენების წინაშე — ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ესაუბრა.

– რამდენი ლიცენზია მოიპოვა საქართველომ ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე?

— ამ დროისთვის ოთხი ლიცენზია გვაქვს. ესენი არიან მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, ორი მოთხილამურე — იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური, ერთი მოციგავე — გიორგი სოგოიანი. ეს სპორტსმენები ნამდვილად მიემგზავრებიან ფიონგჩანგში.

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ოლიმპიური თამაშების მისაღებად მზადაა

– ეს უკვე საბოლოო სიაა, თუ კიდევ შეიძლება რაიმე ლიცენზიის მიღების იმედი გვქონდეს?

— მეხუთე ლიცენზიის მიღებასთან ძალიან ახლოს იყო ალექსი ბენიაიძე (მოთხილამურე), მაგრამ ვერ შეძლო, ასე რომ, ეს საბოლოო სიაა.

– რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე ხუთი-ექვსი ლიცენზია კარგ შედეგად ჩაითვლება. სამხრეთ კორეაში კი მხოლოდ ოთხი სპორტსმენი მიემგზავრება. ეს შეიძლება, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალოს?

— რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი შედეგია. ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის დევიზია — „უკეთ, ვიდრე გასულ თამაშებზე“. სოჭში ასევე ოთხი ლიცენზია გვქონდა, მაგრამ ახლა სპორტის ახალი სახეობა დაგვემატა — საციგაო სპორტი. ამას შეიძლება შედეგის გაუმჯობესება ვუწოდოთ.

– საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ყველაზე გამოცდილი, ალბათ, მორის ყვითელაშვილია მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მოსკოვში მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა. მორისის რა შედეგი ჩაითვლება მისაღებად ოლიმპიადაზე?

ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველი ლიცენზია მოიპოვა

— დიახ, შეიძლება ითქვას, რომ გუნდში მორისი მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მან პირველმა შეძლო ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება. ეს ჰელსინკის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, სადაც მან მე-13 ადგილი დაიკავა. მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ის არცთუ წარმატებით გამოვიდა, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიადაზე ის პირველ ათეულში მოხვდება. ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.

– ფიონგჩანგში „ქართული სახლი" იქნება?

— სამწუხაროდ, არა.

– რამდენი ადამიანი შევა ქართულ დელეგაციაში და როდის გაემგზავრებიან სპორტსმენები სამხრეთ კორეაში?

— სპორტსმენების გაცილების ოფიციალური ცერემონია 5 თებერვალს გაიმართება, ხოლო 6-ში ფიონგჩანგში გაემგზავრებიან. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 17-20 ადამიანი გაემგზავრება, რომლებიც განთავსდებიან როგორც ოლიმპიურ სოფელში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იასონ აბრამაშვილისა და ნინო წიკლაურისთვის ეს ოლიმპიადა მათ კარიერაში რიგით მეორე იქნება. აბრამაშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე 22-ე ადგილი დაიკავა სლალომში, ხოლო წიკლაურმა — 49-ე პოზიცია გიგანტურ სლალომში.

ყველა ახალი ამბავი
0