ვითარება საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ზომების მიღებას მოითხოვს

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი თბილისში
საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია მოითხოვს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ სიტუაცია თბილისის საბავშვო ბაღებში არადამაკმაყოფილებელია და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის გადადგომის საკითხს აყენებენ.

დედაქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ვითარება ბოლო დროს ხშირად განიხილება. იანვარში თბილისის ოთხ საბავშვო ბაღში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა. გარდა ამისა, მშობლების ნაწილი და ოპოზიცია კვების ახალი სტანდარტებით უკმაყოფილოა. ამასთან ერთად, თბილისის №152 ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
რას აჭმევენ ბავშვებს თბილისის საბავშვო ბაღებში?

ორშაბათს გვანცელაძე თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე მიიწციეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც საბავშვო ბაღებში კვებას და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას ეხება.

„ამ ადამიანს ორი საათის განმავლობაში არაფერზე პასუხი არ გაუცია. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი რჩევა დედაქალაქის მერთან და ამ ადამიანის მიმართ არის ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ჩამოაშორონ ბაღების მართვის სააგენტოს თუ გვინდა, რომ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს ბაღებში როგორც კვება, ასევე სააღმზრდელო წესრიგი“, – შეხვედრის შემდეგ განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა საკრებულოში ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის მოთხოვნებს გვანცელაძემ უპასუხა და ის პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
29 იანვრიდან თბილისის 4 ბაღის აღსაზრდელები სხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან

„გარკვეული შეკითხვები იყო კონსტრუქციული ფორმის, გარკვეული შეკითხვები აშკარად იყო სპეკულაცია, იმ სენსიტიურ თემაზე, რომელიც ბავშვებს ეხება და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ სპეკულაციებს შეეშვან, რამეთუ ეს არის მგრძნობიარე თემა და აუცილებელია, რომ არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა განიხილონ  თემები, რომელიც, მაგალითად, შეეხება კვების რაციონს და მენიუს, რომელიც შედგენილია მთავრობის დადგენილების შესაბამისად“,- განაცხადა გვანცელაძემ.

ახალი ნორმების თანახმად, 1-დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელების მენიუს კალორიულობა 1165 კილოკალორიამდე შემცირდა. რაც შეეხება 4-დან 6 წლამდე ბავშვებს, მანამდე ისინი 1970 კილოკალორიას იღებდნენ. ახალი წესების მიხედვით, გოგონები 1545 კილოკალორიას, ხოლო ბიჭუნები 1715 კილოკალორიას იღებენ. მენიუდან ამოიღეს ჩაი და სხვა სასმელები.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0