თბილისი, 28 იანვარი- Sputnik. 29 იანვრიდან თბილისის N19, N84, N125 და N64 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან და სწორედ იქ განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
N19, N84 და N125 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 25 იანვარს შეწყდა, მოგვიანებით მათ კიდევ ერთი, N64 საბავშვო ბაღი დაემატა. ბაღების დახურვის მიზეზი შენობების ტექნიკური მდგომარეობა გახდა.
მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაანაწილეს მე-40, 23-ე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა ბაღში, 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები — 31-ე, 56-ე და 143-ე ბაგა-ბაღში, 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები — 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში, ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კი მე-10 ბაგა-ბაღში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
„აღნიშნული საბავშვო ბაღები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა. დასკვების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო. ბაღების შენობებთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებები უკვე დეტალური შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული“, — ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად დაიწყება N19, N84, N125 და N64 საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-გაძლიერებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგისას შეისწავლა ბაღების შენობების მდგრადობის საკითხი, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით.
ამ ეტაპზე კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა ეჭვს იწვევდა.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.