თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის №19, №84 და №125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში 25 იანვრიდან სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღების დახურვის მიზეზი შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, შენობების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად მიიჩნევა.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო.
აღნიშნულ საბავშვო ბაღებში 800-მდე ბავშვი ირიცხება, რომლებსაც 29 იანვრიდან რაიონში არსებულ ახლომდებარე სხვა საბავშვო ბაღებში გადაანაწილებენ და ამის პარალელურად დაიწყება №19, №84 და №125-ე ბაღების შენობების გამაგრება-გაძლიერებითი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგისას შეისწავლა ბაღების შენობების მდგრადობის საკითხი, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით.
ამ ეტაპზე კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა ეჭვს იწვევდა.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.