საქართველოს საბაჟო სისტემა მსოფლიოში ერთ–ერთი თანამედროვე სისტემაა – ის ორიენტირებულია ტვირთების გაფორმების გამარტივებასა და კორუფციის პრევენციაზე.
მებაჟის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 26 იანვარს აღინიშნება, „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ მასალას, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს საბაჟო სისტემა და რას წარმოადგენს ის დღეს.
მებაჟის საერთაშორისო დღე მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრი საბაჟო სამსახურების პროფესიული დღესასწაულია. ორგანიზაცია 182 სახელმწიფოს აერთიანებს.
ამ პროფესიულ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. უწყების ხელმძღვანელობა გამორჩეულ მებაჟეებს გადასცემს მადლობის სიგელებს, ფულად პრემიებსა და სხვა საჩუქრებს.
საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.
საქართველოს საბაჟო სამსახურის ისტორია
საქართველოს საბაჟო სამსახური სათავეს სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან იღებს. საბაჟო დეპარტამენტი 1992 წელს დაარსდა. არსებობის 26 წლის განავლობაში ის იყო დამოუკიდებელი სტრუქტურა, ან სხვადასხვა პროფილის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა.
თავდაპირველად საბაჟო გადასახადები ქართულ ხაზინაში, პრაქტიკულად, არ შედიოდა. ექსპერტები და საბაჟო სამსახურის ყოფილი მუშაკები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მაშინ ქვეყანაში ძალზე რთული ეონომიკური მდგომარეობა იყო, ხალხი შიმშილობდა. ხელისუფლება ელოდებოდა, როდის დაიწყებდა ეკონომიკა ფეხზე დადგომას.
იმ დროს გადასახადი იმპორტზე იყო 2%, ექსპორტზე კი 8%. ამასთან, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ბევრი აკრძალვა, კვოტა და ლიცენზირების მექანიზმი მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, მებაჟეებს მრავალი რამის შემოწმება უხდებოდათ. ასეთ პირობებში კორუფცია ყვაოდა.
საქართველოს თანამედროვე საბაჟო
საქართველოს საბაჟო სამსახურმა 2003 წლიდან, ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მასშტაბური ცვლილებები განიცადა. სამსახურის რეფორმა საგადასახადო კოდექსით დაიწყო, რომელიც ამ უწყების ფუნქციონირების საძირკველს წარმოადგენს.
თანამედროვე ქართული საბაჟო ერთ–ერთი ყველაზე გახსნილი, ლიბერალური, მოქნილი და, ამავე დროს, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყველაზე მოქნილი გახდა.
ქართულმა საბაჟომ მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. 2017 წლის ივნისში თბილისში პირველად გაიმართა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონფერენცია. სამდღიან კონფერენციას მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 600-მდე დელეგატი ესწრებოდა.
ამჟამად საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულია. კანონის დაცვას ტვირთების გადაადგილებისას 24-საათიან რეჟიმში თვალს ადევნებენ მებაჟე–ოფიცრები. მათი რაოდენობა 1 475 ადამიანია.
მებაჟეები გადანაწილებული არიან 18 საკონტროლო–გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ხუთ ეკონომიკურ ზონაში.
საქართველოს საკონტროლო–გამშვები პუნქტები განთავსებულია თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან საზღვრებზე.
საბაჟო პუნქტები ასევე ფუნქციონირებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ბათუმის, ფოთისა და ყულევის საზღვაო პორტებში. საქართველოში ასევე მუშაობს „კარწახის სამშენებლო ზონის“ საბაჟო პუნქტი.
რაც შეეხება გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, ისინი განთავსებულია თბილისში, მათ შორის თბილისის აეროპორტში, ასევე ბათუმსა და ფოთში.
დღესასწაულის ისტორია
მებაჟის საერთაშორისო დღეს დიდი ისტორია აქვს. 1950 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში 30-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას საბაჟო საბჭოს შექმნის შესახებ. დოკუმენტი 1952 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ერთი წლის შემდეგ, 26 იანვარს ბელგიის დედაქალაქში საბაჟო საბჭოს პირველი სესია გაიმართა.
1994 წელს საბაჟო საბჭოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია ეწოდა.
მებაჟის საერთაშორისო დღე პირველად 1983 წელს აღნიშნეს.
სხვადასხვა მონაცემებით, 26 იანვარს თავის პროფესიულ დღეს საბაჟო სამსახურების 800 ათასზე მეტი მუშაკი აღნიშნავს.