თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისში რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის – სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სერბეთის რესპუბლიკაში ჩასვლა.
ამის შესახებ ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, რომელიც ასევე ფარავს სერბეთს, იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა. სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გოიკოვიჩის ხელმძღვანელობით საქართველოში ხუთშაბათს დაიწყო.
რაც შეეხება ბიბილოვის სერბეთში ჩასვლას, ის სერბეთის რესპუბლიკაში (წარმონაქმნი ბოსნია და ჰერცოგოვინას შემადგენლობაში) 8–13 იანვარს იმყოფებოდა და შეხვდა პრეზიდენტ მილორად დოდიკსა და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური წერილი 15 იანვარს გაუგზავნა.
„ამ თემას ორივე მხარე შეეხო, სერბეთის ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. თუმცა, როგორც სპიკერმა, მაია გოიკოვიჩმაც თქვა, ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ოფიციალური ბელგრადი დაგმობს მსგავს ფაქტებს“, – განაცხადა ნანობაშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ნანობაშვილის თქმით, ბიბილოვისა და სერბეთის პატრიარქის შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ის პირადად ესტუმრა პატრიარქს. ელჩის განცხადებით, პატრიარქმა როგორც ოფიციალური, ისე პირადი საუბრისას დაადასტურა, რომ დე–ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი არაოფიციალური იყო.
„ბიბილოვმა მართალია გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ არც ერთი ოფიციალური შეხვედრა მას სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია, მათ შორის არც საპატრიარქოში და ეს პირადად დამიდასტურა პატრიარქმა ირინეოსმა, როცა მას შევხვდი. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ტექნიკურ საპასპორტო დეტალებთან, რომელზეც არის კითხვის ნიშნები, მათ შორის იმაზე, რომ ზოგიერთი პირი რუსული პასპორტით გადაადგილდება. ამ საკითხზეც მიდის თანამშრომლობა სერბეთთან“, – აღნიშნა ელჩმა.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ და გოიკოვიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, თუმცა ჟურნალისტებს ამ თემაზე კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აუღიარებლობის მხარდაჭერას.
„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთგულია საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპის, რომელსაც ჰქვია საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, – განაცხადა გოიკოვიჩმა.
მან თავისი ქართველი კოლეგა სერბეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.
„მე ასევე ვთხოვე ჩემს კოლეგას, გვესტუმროს სერბეთში ვიზიტით და მან მოწვევა მიიღო. მადლობელი ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცა საქართველოში ჩამოვსულიყავი და ამით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის შემეწყო ხელი“, – აღნიშნა გოიკოვიჩმა.
კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს და სერბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა სფეროში პრიორიტეტულია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი, ძალიან ინტენსიური ფაზის დაწყების ძალიან კარგი საწინდარი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ქართულ საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აქტიური არ არის, თუმცა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990–იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.