პრემიერმა დავოსის ფორუმის შედეგები შეაჯამა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა უცხურმა კომპანიებმა საქართველოში წარმომადგენლობების გახსნის სურვილი გამოხატეს

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრები შედგა.

კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით  საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დავოსში 23 იანვარს დაიწყო.

„გვქონდა ძალიან კონკრეტული შეხვედრები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიხატა, არის ის, რომ ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე - Sputnik საქართველო
პრემიერმა დავოსში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

პრემიერმა ისაუბრა შეხვედრებზე მსხვილი კომპანიების წარმმადგენლებთან, მათ შორის ინდურ კომპანია Wipro-სთან, რომელიც IT-მომსახურებით არის დაკავებული და განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას, რათა სერვისები სხვა ქვეყნებს სწორედ საქართველოდან შესთავაზოს. 

გაიმართა შეხვედრა ამერიკულ მსხვილ კომპანია Hillwood —თან, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროს მსხვილი მოთამაშე და საქართველოს თავისი რეგიონული წარმომადგენლობისთვის განიხილავს.

არაბული Lulu Group-ისა და ინდური JSW Group-ის წარმომადგენლებმა საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესება გამოხატეს.

კვირიკაშვილმა ასევე პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრა.

„რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე — საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. შევხვდით პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გამოსვლისას დისკუსიაზე სახელწოდებით Strategic Outlook – Eurasia, მონაწილეებმა საქართველოს პროგრესი ერთხმად აღნიშნეს.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის, რომელშიც ვიმყოფებით. შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა რუსეთთან შეხების წერტილებზე ისაუბრა

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა.  იგი შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0