თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების და სასოფლო მეურნეობების ხელშეწყობას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის", — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პროექტი სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესებას, FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე ინდივიდუალური გრანტები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არა მარტო ამ სექტორში.
„ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ENPARD III-ის ფარგლებშიც გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტენსიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე", — განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
2013 წელს ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. გარდა ამისა, FAO-მ "სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის" ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობები, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.