მოსახლეობა თბილისის ცენტრში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის წინააღმდეგია

© photo: Sputnikმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში, ატენის ქუჩაზე მოსახლეობის ნაწილი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით მათ დედაქალაქის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს.

თავიანთ საჩივარში მოქალაქეები ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, კიდევ ერთხელ გადახედონ ატენის 19 ნომერში 27-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას, რომელიც არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს გასცა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უზენაესმა სასამართლომ მშენებლობა უკანონოდ აღიარა.

Строительство нового жилого дома - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობის წესები გამკაცრდა: მოსალოდნელია ფასების ზრდა

„როგორ უნდა ვენდო მე მერს, რომელიც ავირჩიეთ და რომელიც შეგვპირდა, რომ ასეთ რაღაცებს აღარ დაუშვებს. დასაწყისშივე თავისი მოღვაწეობის, პირველივე განკარგულება მან გასცა ამ მშენებლობის გაგრძელების უფლება", — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა.

ასევე ადგილობრივი მცხოვრები ვაჟა ბარძიმაშვილი აცხადებს, რომ მშენებარე კორპუსი უშუალოდ ესაზღვრება მის სახლს და დაშორება სულ ნახევარი მეტრია. მისი თქმით, ეს ვიწრო ქუჩაა და მოძრაობა ისედაც გართულებულია. და იქ როცა 300 ოჯახი იცხოვრებს, მდგომარეობა უფრო გართულდება.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ 2017 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ თბილისის მერიის გადაწყვეტილების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მშენებლობას მიანიჭა კოეფიციენტი 8.0 და უწყებას მიმართა, რათა სწორად შეეფასებინათ მოსახლეობის ინტერესების შელახვის რისკები.

ამის მიუხედავად, 2017 წლის აგვისტოში მშენებლობას კვლავ მიანიჭეს კოეფიციენტი 8.0; ხოლო 2018 წლის 15 იანვარს მერიამ 27-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა.

„თუ მშენებლობა ხვალვე არ შეჩერდება, პროცესი გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება თბილისის მერიას", — განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს.

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

მოსახლეობის პროტესტს უპასუხეს თბილისის მერიაში. როგორც მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ე. წ. ზონალურმა საბჭომ, რომელიც იმ დროს მოქმედი ორგანო იყო, დაადგინა, რომ პროექტში შეტანილი ცვლილებები სამართლიანი იყო.

„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თავიდან ემსჯელა, რომ დაესაბუთებინა და მერიას და მერიის შესაბამის სამსახურებს, თუ რამდენად სწორად იყო ეს ყველაფერი გაცემული. აგვისტოში იმსჯელა შესაბამისმა სამსახურებმა და ზონალურმა საბჭომ, რომელიც დღეს გაუქმებულია ჩვენ მიერ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ზონის ცვლილებაც არის მგონი განხორციელებული", — განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თუ მერია მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას არ შეაჩერებს, მოსახლეობა აპირებს, განცხადება შეიტანოს პროკურატურაში და დააყენოს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მშენებლობის ნებართვა გასცა. ადვოკატი ირწმუნება, რომ მშენებლობის უკან გარკვეული პირების პირადი ინტერესები დგას.

მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას მოსახლეობა უკვე არაერთი წელია, აპროტესტებს. მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2007 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0