თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. უზბეკეთის რესპუბლიკიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის წევრებს შეხვდა, ნათვქმია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. მათი შეფასებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დიდი პოტენციალი არსებობს.
ხაზგასმით აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები სატრანზიტო მიმართულების განვითარებაზე აქტიურად იმუშავებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უზბეკეთში გაემგზავრებიან ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან.
ირაკლი კობახიძე აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს და დაათვალიერებს სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში 23 იანვარს დასრულდება.