თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში იგეგმება მთელი რიგი ცვლილებები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ მერიის სტრუქტურული რეფორმების პრეზენტაციაზე.
სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მერიის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და ის მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება. ცალკე შეიქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გადაკეთდება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატება რამდენიმე ძირითადი ფუნქცია და ამ სამსახურის მთავარი მიმართულებები იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე მოახდენს რეაგირებას.
რაც შეეხება მსხვილ და მუნიციპალური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესყიდვებს, მის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური.
რეფორმების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების სერვისები ერთ სივრცეში მოექცევა. ამ მიზნით მერიის ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და გამგეობას ეს ფუნქცია მოეხსნება და ცენტრალიზდება ერთ ა(ა)იპ-ში, რომელსაც „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" დაერქმევა.
მერიაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გაერთიანდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები. ამ მიზნით შეერთდება ორი საქალაქო სამსახური: კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ამას გარდა, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვლება სახელწოდება და ის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდება.
მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით განხორციელდება სამსახურების ცენტრალიზება: მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, შპს-ებიდან, სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და შეიქმნება ახალი ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო".
ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება სათათბირო ორგანოები — ე.წ. ზონალური საბჭო და 19 კომისია და მათი ფუნქციები გადაუნაწილდება მერიის შესაბამის სტრუქტურებს.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებები თბილისის მერად მუშაობის დაწყებისთანავე დააანონსა და განაცხადა, რომ ის ორიენტირებული იქნება თბილისელებზე და რომ მერიის სამსახურები თბილისის განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ.