თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რეფორმის შედეგად სამი თვის შემდეგ თბილისის მერიას ახალი სტრუქტურა ექნება, განაცხადა ქალაქის თავმა კახა კალაძემ.
კალაძემ თბილისის მერიის რეფორმები მისი უფლებამოსილების ამოქმედების დღეს, 12 ნოემბერს დააანონსა. ქალაქის ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიზნით სამუშაოების დაწყება დაავალა.
„ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო. ჩვენ გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რეორგანიზაცია. ყველაფერს თავის წესი და კანონი აქვს. სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული. რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მიმართულია იმისკენ, რომ მერიასთან ურთიერთობა მარტივი, მერიის სტრუქტურები კი მოქნილი და ადამიანების კეთილდღეობასა და ქალაქის განვითარებაზე იყოს მორგებული", — განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე მერიის სტრუქტურის შეცვლას გეგმავს, რაც საქალაქო სამსახურების სახეცვლილებას ან მათი ნაწილის გაერთიანებას გულისხმობს. გარდა ამისა, კალაძე თბილისის მერიისა და მისი სამსახურების სერვისებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპის" ამოქმედებას გეგმავს, ასევე, სერვისების ნაწილი ონლაინ–რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი.
უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად დაგეგმილი სერიოზული ცვლილებებისა, ქალაქის მთავრობის თანამშრომლების უმეტესობის გათავისუფლებას არ აპირებს.
ამასთან, სამსახურების შექმნის ან შეცვლის დროს თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.
მერიაში განაცხადეს, რომ რეფორმების ძირითადი ამოცანაა — ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის მერიის ყველა სერვისის ხელმისაწვდომობა.