თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს სამუშაო ადგილებზე ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ეფექტური ზომების მიღებისკენ მოუწოდა, ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საწარმოო ტრავმებით საქართველოში 58 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები 84-მა ადამიანმა მიიღო. 2017 წლის დასწყისიდან, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, დაიღუპა 36 და დაზიანებები 53-მა ადამიანმა მიიღო.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესს, მათ შორის უწყებებს შორის დროული კოორდინაციის გზით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ივნისში პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა კანონპროექტის შემდგომი განხილვა შეფერხდა.
ომბუდსმენის აპარატში აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ისინი ჩართულები იყვნენ კანონპროექტზე მუშაობაში, თუმცა შემდეგში პროცესი შეფერხდა. იქ მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს შორის კოორდინაციაშია.
მიმდინარე წლის მაისში ტყიბულის შახტაში ოთხი მუშა დაიღუპა. ხუთშაბათს ბათუმში მშენებარე სახლიდან გადმოვარდა ექსპერტი, რომელიც ტექნიკას ამოწმებდა. ის მძიმე მდგომარეობაშია. ოთხშაბათს ქუთაისში მრავალსართულიანი მშენებარე სახლიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. გასულ კვირაში მთაწმინდის პარკში ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის დროს ერთი მუშა დაიღუპა, მეორემ კი მძიმე ტრავმები მიიღო.