თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომლის ერთ-ერთ ძირითად თემას თბილისში პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმე წარმოადგენდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზვიად რატიანი 23 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათისთვის თამარ მეფის გამზირზე საპოლიციო კონტროლის დროს დააკავეს. თავად რატიანის განცხადებით, მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა. მისი თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იგი დროებითი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიციელებს წიხლებს ურტყამდა და მათი მიმართულებით უცენზურო ლექსიკას იყენებდა.
„საუბარი შეეხო კონკრეტულად რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, მათ შორის ზვიად რატიანის საქმეს, თუმცა ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ზვიად რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ამ თემაზე კომენტარი“, — განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის შემდეგ, რომელიც პარასკევ საღამოს გაიმართა.
პარასკევს სასამართლომ პოეტი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულად ცნო და 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
„ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი დღეს სასამართლოს მიერ. ასევე მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება, და მანამ, სანამ არ დასრულდება ეს გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე ვაკეთებთ“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და სხვ.
რატიანის ცემამ საქართველოს მწერლებისა და კულტურის მოღვაწეთა აღშფოთება გამოიწვია, ზოგიერთმა მათგანმა სასამართლოსა და გამოძიების მიმართ უნდობლობა გამოაცხადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებმაც პოეტი დააკავეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მომხდარის გარემოებებს განიხილავს.
ამასთან, მინისტრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მათ ჩართავენ იმ რეფორმების პროცესში, რომლებიც უახლოეს დროს უწყებაშია დაგეგმილი. არასამთავრობო სექტორთან გახარიას მომდევნო შეხვედრა, ამჯერად სამუშაო ფორმატის, 2018 წლის იანვარში შედგება.
„ამის პირობა მივიღეთ, რომ ყველა ის ადამიანი არასამთავრობო სექტორიდან, ვინც ფლობს ინტელექტუალურ რესურსს, და იცით, რომ ეს ადამიანები წლებია ამუშავებენ სხვადასხვა კონცეფციებს, კანონის პროექტებს, სხვადასხვა რეფორმებზე უფიქრიათ ამ ადამიანებს, არის პირობა, რომ ისინი სამუშაო ფორმატში იანვრის თვიდან იქნებიან ჩართული“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.
გახარიამ არაერთხელ განაცხადა, რომ უწყება საფუძვლიან რეფორმებს საჭიროებს. მისი თქმით, უნდა გადაიხედოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის მუშაობა.