შსს: დასრულებული რეიდები და ასზე მეტი დაკავებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებს ჰქონდათ მკაცრი მითითება, ემოქმედათ კანონის სრული დაცვით.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო კონტროლის შედეგად, რომელიც დღეს დილის ექვს საათზე დასრულდა, სულ დაკავებულია 127 დამნაშავე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო კონტროლი საქართველოს მასშტაბით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საპოლიციო კონტროლისას სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულები დაკავებული არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა–ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი (ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე) და სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი.

ტრავმატული პისტოლეტი „ჰორჰე-3მ“ - Sputnik საქართველო
რეიდები გრძელდება: დაკავებულია 69 ადამიანი

ამოღებულია ერთ კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები; ასევე 54 ხელყუმბარა და 122 კაფსულ-დეტონატორი; ნივთმტკიცებად ამოღებულია 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და  3 740 ცალი ვაზნა. 

სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს განხორციელებული საპოლიციო კონტროლისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გადაცდომებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, — განაცხადა მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს მიერ ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე, უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოხსენებულ პოლიციელს.


ყველა ახალი ამბავი
0