თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მერიისგან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ექვსი ახალი ავტომობილი მიიღო, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის თანამშრომლებს ავტომობილები საზეიმო ვითარებაში გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად. ახალი მანქანების შეძენა ბიუჯეტს 518 000 ლარი დაუჯდა.
„ჩვენ გვჭირდება მაღალი სტანდარტების სრულად აღჭურვილი ტექნიკა. მინდა გავიხსენო, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. გავიდა ერთი წელი და ქალაქ ბათუმის მერიამ შეისყიდა უკვე 6 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტომანქანა, სრული აღჭურვილობით… მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ძალიან მნიშვნელოვანია სერვისების გაუმჯობესება, უნდა იყოს გამართული ტექნიკა, რათა სასწრაფო მანქანები ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილას“, — განაცხადა პატარაძემ.
ზურაბ პატარაძემ მანქანების გადაცემის ღონისძიებაზე შეკრებილ ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
წლის განმავლობაში ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს, ზამთარში კი მათ კიდევ ორი ბრიგადა ემატება.
ბათუმის „სასწრაფო დახმარების“ მანქანებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც საქართველოში „სატენდერო სკანდალი“ აგორდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეგობარმა, ცნობილმა შოუმენმა გია გაჩეჩილაძემ ხელისუფლება მისი სიძის გიორგი შარაშიძის კომპანია Citroen Georgia-სთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.
გაჩეჩილაძის თქმით, ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და უპირატესობა ხშირად იმ კომპანიებს ენიჭება, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება. გაცეჩილაძემ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ პრემიერსაც აცნობა.
გაჩეჩილაძემ მაგალითის სახით მოიყვანა ტენდერი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათი მანქანის შეძენას ეხებოდა. ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აპრილში გამოაცხადა.
ტენდერში მისი სიძის კომპანია Citroen Georgia-ც მონაწილეობდა.
Citroen Georgia-ს ადვოკატების თქმით, კომპანია ტენდერის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დისკვალიფიცირებული. ეს გადაწყვეტილება მათ ყოველ ჯერზე გაასაჩივრეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელიც კომპანიას ტენდერში მონაწილეობის ნებას კვლავ რთავდა, მაგრამ საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ უპირატესობა Hyundai Auto Georgia-ს მიანიჭა.
იურისტებმა მომხდარს მსხვილ კომპანიებს შორის „კარტელური გარიგება“ უწოდეს და შეიტანეს საჩივარი კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა გააჩნია.