თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რატომ გამოექომაგა სპორტისა და ახალგაზრდიბის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, როდესაც ტენდერის გამო ის ცნობილმა შოუმენმა „უცნობმა“ (გია გაჩეჩილაძემ) გააკრიტიკა.
გაჩეჩილაძემ 12 დეკემბერს ხელისუფლება მისი სიძის, გიორგი შარაშიძის კომპანია Citroen Georgia-სთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის თქმით, ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და უპირატესობა ხშირად იმ კომპანიებს ენიჭება, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება. გაცეჩილაძემ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ პრემიერსაც აცნობა.
„როდესაც მან მომმართა, მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ ის გარკვეულიყო დეტალებში — იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა ეს საკითხი და მივიღე ამომწურავი პასუხი. აქედან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტში.
პრემიერის თქმით, მას არ შეეძლო არ მოეხდინა რეაგირება კრიტიკაზე ისეთი მეგობრის მხრიდან, როგორიც მისთვის გაჩეჩილაძეა.
„რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარების გაკეთებას ამ თემაზე“, — განაცხად ა კვირიკაშვილმა.
ტენდერი, რომელზეც საუბრობდა გაჩეჩილაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათი მანქანის შეძენას ეხებოდა. ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აპრილში გამოაცხადა.
Citroen Georgia-ს ადვოკატების თქმით, კომპანია ტენდერის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დისკვალიფიცირებული. ეს გადაწყვეტილება მათ ყოველ ჯერზე გაასაჩივრეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელიც კომპანიას ტენდერში მონაწილეობის ნებას კვლავ რთავდა, მაგრამ საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ უპირატესობა Hyundai Auto Georgia-ს მიანიჭა.
„ტენდერი იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული და ჩემი რეაგირება დასრულდა სწორედ აქ, ვინაიდან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
იურისტებმა მომხდარს მსხვილ კომპანიებს შორის „კარტელური გარიგება“ უწოდეს და სამშაბათსვე შეიტანეს საჩივარი კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა გააჩნია.