თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციურ ფრაქციან სკანდალით დასრულდა.
ხუთშაბათს დეპუტატებმა კვირიკაშვილის მეთაურობით ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უნდა უყარონ.
ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვდრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები კვირიკაშვილს აკრიტიკებდნენ და მუდმივად აწყვეტინებდნენ.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერები სიცრუეში დაადანაშაულა, სიტყვა ფრაქციის ლიდერმა ნიკა მელიამ აიღო.
„თქვენ ხართ უუნარო ადამიანი… ქვეყანა რა მდგომარეობაში ჩააგდეთ და კიდევ ბედავთ და ხმას იღებთ. მოხვედით აქ, პარლამენტარებისგან ნდობის მიღებას ითხოვთ და იმის კი არ გრცხვენიათ, რომ სხვა ადამიანი ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენს შემცვლელად. ვითომ პრემიერ–მინისტრი ხართ, არც არაფერს გეკითხებოდნენ და არც შეგეკითხებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. კვირიკაშვილი, რომელმაც მანამდე მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, ადგა და გასასვლელისკენ გაემართა. მაგრამ ამის შემდეგ ვითარება გამწვავდა, პრემიერი ნახევარგზაზე შეჩერდა და ოპოზიციონერისკენ გაემართა. სხდომათა დარბაზში ხმაური იყო, მაგრამ მაინც ისმოდა, პოლიტიკოსები როგორ მიმართავდნენ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით.
ამის შემდეგ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
რამდენიმე წუთში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან შეხვედრაზე კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოების წინაშე თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.
„მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს შეძლო რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.