თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა თანამდებობიდან გადადგეს, თუ სასამართლო დაადასტურებს მთავრობის მხრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესყიდვის ტენდერთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას.
კვირიკაშვილი აღაშფოთა თავისი მეგობრის, შოუმენ გია გაჩეჩილაძის — უცნობის ბრალდებებმა იმის თაობაზე, რომ მთავრობამ ტენდერი არაკეთილსინდისიერად ჩაატარა. ამის შესახებ უცნობმა პრემიერს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და პრესკონფერენცია გამართა. შოუმენი აღშფოთდა იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი მოიგო კომპანია Hyundai Auto Georgia-მ, ხოლო თავისი სიძის Citroen Georgia დისკვალიფიცირებული იყო.
გაჩეჩილაძის თქმით, ამას სისტემური ხასიათი აქვს. უპირატესობა ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც სპორტის მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდებიან.
„ჯერ მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე, რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს-ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორ არის, შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან გაჩეჩილაძეს ურჩია, სასამართლოს მიმართოს.
„მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, თუ სასამართლო კანონის დარღვევას არ დაადასტურებს, მაშინ გაჩეჩილაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.
„თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც", — დასძინა პრემიერმა.
პრემიერმა მიუღებელი უწოდა, როდესაც მეგობარი, ერთი მხრივ, აქებს მას და მეორე მხრივ, შეურაცხყოფს მისი გუნდის წევრს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი სასწრაფო დახმარების ავტომობილების შეძენაზე ამა წლის აპრილში გამოაცხადა.
Citroen Georgia-ს ადვოკატების თქმით, კომპანია ტენდერის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დისკვალიფიცირებული. ეს გადაწყვეტილება მათ რამდენჯერმე გაასაჩივრეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელიც კომპანიას ტენდერში მონაწილეობის ნებას კვლავ რთავდა, მაგრამ საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ უპირატესობა Hyundai Auto Georgia-ს მიანიჭა.
Citroen Georgia-ს იურისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. გარდა ამისა, საჩივარი შესაძლო „კარტელურ გარიგებასთან" დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოშიც შევიდა.