თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქის მთავრობისა და მისი სტრუქტურების თანამშრომლები კორუფციის ან კანონის სხვა დარღვევების შედეგებზე გააფრთხილა.
მანამდე ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონული ადმინისტრაციის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დააკავეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს", — განაცხადა ხმალაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კორუფცია და სხვა დანაშაულებრივი ქმედება არავის შერჩება.
„მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს", — განაცხადა ხმალაძემ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ, 25 წლის ახალგაზრდას ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
დაკავებულს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.