საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ თბილისის, ასევე მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაზარდა.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობა წყლის გადასახადს ორი სისტემის მიხედვით იხდის – სულადობის ან მოხმარებული წყლის მოცულობის მიხედვით. ბოლო ეხება მათ, ვისაც წყლის მრიცხველი აქვს დამონტაჟებული.
სიახლე ძალაში შევა 2018 წლის 1 იანვრიდან და 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე
თბილისში წყლის გამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის ამონენტებისთვის ტარიფი 0,74 თეთრით გაიზარდა.
მცხეთაში კომპანია „მცხეთის წყლის“ აბონენტებისთვის ტარიფი 1,48 ლარით გაიზარდა.
რუსთავში კომპანია „რუსთავის წყლის“ აბონენტებისთვის კი 0,08 ლარით.
თბილისში კი ერთ სულ მოსახლეზე 3,147 ლარის ნაცვლად 3,892 ლარი იქნება გადასახადი, ანუ 19,28%–ით მეტი.
რუსთავში ტარიფი 2,201 ლარიდან 2,281 ლარამდე (+3,63%) გაიზარდა, ხოლო მცხეთაში 2,408 ლარიდან 3,888 ლარამდე (+61,4%).
ტარიფი 1 კუბომეტრ წყალზე
ტარიფი იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც სახლში წყლის მრიცხველი აქვთ დამონტაჟებული, დღეისათვის 1 კუბომეტრ წყალზე 0,266 ლარია. ახალი წლიდან კი ის 0,06 ლარით გაიზრდება და 0,326 ლარი (+22,55) იქნება.
რუსთავის აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება – 0,405 ლარი.
მცხეთის აბონენტებისთვის კი 0,209 ლარიდან 0,329 ლარამდე (+57,4%) გაიზრდება.
თბილისში არსებული კომერციული სექტორისთვის კი მოხმარებული წყლის ტარიფი შემცირდა – 4,41–დან 4,4 ლარამდე. რუსთავში გაიზარდა 3,224 ლარიდან 3,644 ლარამდე (+13%). გაიზარდა ტარიფი მცხეთაშიც – 3,208 ლარიდან 3,548 ლარამდე (+10,5%).
ოთხშბათს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაზარდა როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსახლეობისთვის, მათ შორის, კომერციული სექტორისთვის. ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia–ს აბონენტებისთვის ტარიფი 0,0128 ლარით გაიზარდა, „თელასის“ აბონენტებისთვის 0,015635 ლარით.
20 დეკემბტისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით – 2,5876 GEL/$1.