თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვრიდან გზგამანაწილებელი კომპანია „ვარკეთილაირისა“ და „დიდი დიღომი გაზის“ 25 ათასზე მეტ აბონენტს ჩვეული 45 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრის გადახდა მოუწევს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კომპანია „დიდი დიღომი გაზის“ დირექტორმა ჯემალ წერეთელმა.
„დიდი დიღომი გაზის“ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირი 21 იანვრიდან გაძვირდება, ხოლო „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებისთვის 17 რიცხვიდან. გაზზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მიზეზი მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კომპანიებთან დადებული მემორანდუმის გაგრძელებაზე უარის თქმა გახდა, რომლის თანახმად სახელმწიფო 2013 წლიდან გაზის მომსახურების 5 თეთრს ფარავდა. ბუნებრივ აირზე ფასი 3 თეთრით გაზარდა გაზგამანაწილებელმა კომპანია „ყაზტრანსგაზმაც“, რომლიდანაც „ვარკეთილაირი“ და „დიდი დიღომი გაზი“ ბუნებრივ აირს ყიდულობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ყაზგაზტრანსი“ ჩვენ გაზს მაღალ ფასში გვაწვდის, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ფასი 21 იანვრამდე არ გავზარდოთ და ზარალზე ვმუშაობთ. ამ 4–5 თვის განმავლობაში ჩვენმა ზარალმა 100 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ეს მემორანდუმი რომ გაეგრძელებინათ, მაშინ ღირებულება იგივე დარჩებოდა. როდესაც „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელს ვკითხეთ, თუ რატომ მოუმატეს გაზზე ფასს, მან გვიპასუხა, რომ ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯებია. თუ ეს ასეა, მაშინ მან გაზზე ტარიფი თავის აბონენტებსაც უნდა გაუზარდოს, მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებს“, – განაცხადა წერეთელმა.
მიზეზად, რის გამოც სახელმწიფომ უარი თქვა კერძო კომპანიებისთვის მემორანდუმის გაგრძელებაზე, ლარის კურსის ვარდნა სახელდება, მაჩნია წერეთელს და რამდენადაც ქვეყანა გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან აშშ დოლარში ახორციელებს, მაშინ მისი ხარჯები იზრდება.
რაც შეეხება „ყაზგაზტრანსის“ მხრიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის ფასების ზრდას, „დიდი დიღომი გაზის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რათა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიები გაკოტრდნენ.
„მალე, ალბათ, მე გავკოტრდები. და ადგილი ექნება ხელოვნურ გაკოტრებას და სადღაც 100 ადამიანი (კომპანიის თანამშრომლები – რედ.) უმუშევარი დარჩება“, – დასძინა მან.
სპეციალური განცხადება გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გაავრცელა კომპანია „ვარკეთილაირმაც“.
„შპს „ვარკეთილაირი“ 2017 წლის ივლისიდან მოსახლეობისთვის უკვე გაძვირებულ გაზს ყიდულობს. მიუხედავად ამისა, ექვსი თვის განმავლობაში კომპანიამ მოახერხა მოსახლეობისთვის არსებული ტარიფი (45,5 თეთრი) შეენარჩუნებინა, მაგრამ ამას მუდმივად და გრძელვადიან რეჟიმში ვერ გააკეთებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გაკოტრდება.ზემოთქმული გარე ფაქტორები კომპანიას აიძულებს, დროებით (2108 წლის იანვრიდან — მაისამდე), ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნოს“, – ნათქვამია კომპანიის Faebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია მოსახლეობას სთხოვს, გაითვალისწინოს ზემოთ მოყვანილი ობიექტური მიზეზები და ტარიფების ცვლილება არ ჩათვალოს კომპანიის სუბიექტურ გადაწყვეტილებად.
თბილისში „ყაზტრანსგაზთან“, „ვარკეთილაირთან“ და „დიდი დიღომი გაზთან“ ერთად კიდევ სამი გაზგამანაწილებელი კომპანია მუშაობს: „ვაკე“, „ტაბა“ და „დაცვის უზრუნველყოფის სამსახური“. აღნიშნული კომპანიები აპირებენ თუ არა გაზის ტარიფის გაზრდას, ჯერჯერობით, უცნობია.