თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რელიგიის სახელით კაცის კვლა მუსლიმებს შეურაცხყოფს, რადგან ასეთ ქმედებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან, ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართვაში ქვეყნის მთავრობისადმი.
სამშაბათს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში დაკავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ტერორისტ ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებს საქართველოში მალულად შემოსვლაში დაეხმარნენ.
„საქართველოს მუსლიმების სახელით ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას… მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, — ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძემ წაიკითხა.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შემაშფოთებელ და სისხლიან მოვლენებს და აცნობიერებს, რომ ეს მოვლენები სხვა ქვეყნებსაც შეიძლება მოედოს. ამისაგან დაზღვეული საქართველოც არ არის.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, რომ ძალადობა და მკვლელობა რელიგიის სახელით ხდება.
„კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან, ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები, რომლებიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში“, — ხაზგასმულია მიმართვაში.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. ხოლო ყველა ის პირი, რომელმაც მსგავსი საქციელი ჩაიდინა, კანონისა და უფლის წინაშე დაისჯება.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს საქართველოს ხუთი მოქალაქე — ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
თავისა და მხარის არეში მძიმედ დაჭრილი მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირი. სუს-ის მონაცემებით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩატაევსა და მის დაჯგუფებას, თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ოთხი კი დაიჭრა.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დააკავეს ერთი ადამიანი, კიდევ ორი ლიკვიდირებულია. ესენი აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი.
თავად ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.