თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე — ცოლ-ქმარი ტრაპიზონის პროვინციაში დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.
თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულები ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში უკანონოდ იმყოფებოდნენ.
მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია ამოიღეს.
სპეცოპერაცია ჩატარდა გუშინ საქართველოშიც. სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლებმა ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ტერორისტ ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებს საქართველოში მალულად შემოსვლაში დაეხმარნენ.
დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე — ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
მაჩალიკაშვილი თავში მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათ ბრალად ედებათ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირი. სუს-ის მონაცემებით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩატაევსა და მის დაჯგუფებას, თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ოთხი კი დაიჭრა.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დააკავეს ერთი ადამიანი, კიდევ ორი ლიკვიდირებულია რუსეთის მოქალაქეები იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი (რუსეთის მოქალაქეები).
თავად ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.