თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა ქართველი და სომეხი ხალხის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სარგსიანი თბილისს სომხეთის პირველ ლედისთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. სომხეთის სახელმწიფოს მეთაურმა თბილისში გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.
„მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები, გვაკავშირებს ათასწლოვანი მეგობრობა და ღმერთს მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში ისეთი არაფერი მოხდა, რასაც შეეძლო ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება… ჩვენ აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ ისტორიულ საფუძვლებზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ღრმავდება და გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება", — ციტირებს სარგსიანს პირველი არხი.
სომხეთის პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრების იუბილეც მიულოცა.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ ინტრონიზაციის 40 წლის იუბილე და კიდევ ერთხელ აღვნიშნო თქვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაო. მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის", — განაცხადა სარგსიანმა.
სერჟ სარგსიანი საქართველოს საპატრიარქოში მეუღლესთან, რიტა სარქისიანთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა. შეხვედრას ესწრებოდა პატრიარქის მოსაყდრე მამა შიო და სხვა სასულიერო პირები. მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სამშაბათს ასევე გაიმართება სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორშაბათს დაიწყო, ამ დღეს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა, შემდეგ კი მასმედიისთვის პრესკონფერენცია.
გარდა ამისა, სარგსიანი ეწვევა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს „ოვანეს თუმანიანის სახლი" და სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) ეკლესიას, სადაც სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდება.