თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სომხეთი საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის ევრაზიის ეკონომოკური კავშირის ბაზრებზე, ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
სარგსიანი სომხეთის პირველ ლედისთან ერთად თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სომხეთის სახელმწიფოს მეთაურმა თბილისში გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები გამართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული ფორმატით.
„მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა — თავისუფალი სავაჭრო ზონების არსებობა და საკუთარი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე გაყიდოს. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთში იქნება დარეგისტრირებული, ამ მხრივ შეძლებს სასარგებლო მოღვაწეობას“, — განაცხადა სარგსიანმა.
ის, რომ სომხეთის წევრობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თბილისსა და ერევანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
სომხეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო თავისუფალი ვაჭრობის ზონას, რომელიც საქართველოს საზღვარზე გაიხსნა და რომელიც ქართულ პროდუქციას ირანის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.
„განსაკუთრებით მინდა შევეხო საქართველოს საზღვართან შექმნილ თავისუფალ სავაჭრო ზონას, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება სხვა გადახდისუნარიან ბაზრებზე, მაგალითად ირანის ისლამის რესპუბლიკაში გაყიდოს“, — აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
სხვა ყველაფერთან ერთად სარგსიანმა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება შესთავაზა.
„დღეს ჩვენ შევეხეთ ჩვენს გაფართოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ დღის წესრიგს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი გავუსვით მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ქვეყნების ტრანზიტული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება“, — განაცხადა მან.
მარგველაშვილმა სარგსიანი საქართველოში 2018 წლის 26 მაიის მოიწვია, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება.
სარგსიანის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.