თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ საჯარო საბავშვო ბაღები ფასიანი გახდება, ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს სოციალური უთანასწორობა შეძლებულ და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF — საქართველო) განცხადებაში.
პარლამენტში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო საბავშვო ბაღები უახლოეს მომავალში შეიძლება ფასიანი გახდეს. ასეთი გადაწყვეტილება პრემიერმა იმით დაასაბუთა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვთა დიდი ნაკადი ფიქსირდება, სახელმწიფოს კი ყველა ხარჯის დაფარვა არ შეუძლია. დღეისათვის სკოლამდელი აღზრდა საქართველოში უფასოა.
UNICEF-ში აღნიშნავენ, რომ ყველა ბავშვმა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ხარისხიანი უფასო სკოლამდელი განათლება უნდა მიიღოს.
„გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლებისა, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო დაწესებულებები ფასიანი გახდება, საბავშვო ბაღები განათლების მომსახურების ბაზრის ნაწილი გახდება, სადაც უპირატესობას საზოგადოების მდიდარ ფენას ენიჭება.
კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს.
კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა და აღნიშნული სფეროს პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა, მიიჩნევენ ფონდში.
„გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის განხორციელების მიზნით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
თავის გამოსვლაში კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება საჭირო. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საბავშვო ბაღები უფასო დარჩება.