თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 34 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საბავშვო ბაღები „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის“ სააგენტოს პროგრამის ფარგლებში გარემონტდა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მათი საჭიროებების შესაბამისად, აღიჭურვა, მოეწყო ღია სათამაშო მოედნები, საძინებლები, სამზარეულოები და სხვ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. სოციალური ინვესტიციის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუჟავაში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში მდებარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, 48 სოციალური პროექტი დაუფინანსდათ.