თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა განახევრდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, 2018 წელს 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ასევე დაიწყება 10 ახალი ბაღის მშენებლობა,
„ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ბაღები ჩვენ ამ კუთხით უნდა განვტვირთოთ. თითოეული ახალი ბაღი დაახლოებით 400 ბავშვზეა გათვლილი, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა უფრო მაღალია", — გვანცელაძემ.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 7 346-ით გაიზარდა. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.
2016 წელს მიღებული კანონით, რომელიც სრულად ძალაში 2020 წელს შევა, 2-3 წლიან ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3-4 წლიან და 4-5 წლიან ჯგუფებში კი 30-ს. ამასთან, კანონითვე გაწერილია რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს გათვლილი ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
გასულ წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, 5 საბავშვო ბაღი კი მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევიდა ექსპლუატაციაში.