თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. 2017 წელს „თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 41,4 მილიონი ლარს შეადგენს, განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა კომპანიის წლიური შედეგების შეჯამების ცერემონიაზე.
„წელი ძალიან ღირსეულად გავიარეთ. ყველა ჩვენი საინვესტიციო გეგმა შევასრულეთ. წელს კი რეკორდული საინვესტიციო პროგრამა გვქონდა. თუ ზოგადად წელიწადში 30 მილიონ ლარამდე ვაბანდებდით, წელს ორმოცს გადავაჭარბეთ“, — აღნიშნა კობცევმა.
ინვესტიციების საერთო თანხიდან 14,8 მლნ. ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების განხორციელებას მოხმარდა, 18,9 მლნ. ლარი ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო 7,7 მლნ. ლარი ახალი ქვესადგურის მშენებლობას მოხმარდა.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურსა და 95 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები. დასრულდა 6/10 კვ ძაბვის 71 საკაბელო ხაზისა და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. გაყვანილია 49 ახალი საკაბელო ტრასა.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტექნიკური ინციდენტების რიცხვი 2,2%-ით შემცირდა.
2017 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 643 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 151,3 მლნ. კვტ/სთ-ით აღემატება 2016 წლის 11 თვის მაჩვენებელს. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შარშანდელ 11 თვის მაჩვენებელს 30,8 მილიონი ლარით გადააჭარბა.
მიმდინარე წლის ივნისში სს „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა დაიწყო, რომელიც „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ქვესადგური ჩურურეთის რაიონის და მთაწმინდის რაიონის ნაწილის 25 ათასამდე აბონენტის საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს.
„მომავალი წლისთვის ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს — ქალაქის ცენტრში ახალ ქვესადგურს ვაშენებთ. განვლილ წლებში ცოტა არ იყოს, ჩვენ გადავეჩვიეთ ახალი სიმძლავრეების აშენებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგვივა“, — განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა.
თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია “თელასის” ინვესტიციები 2018 წელს 28,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.