თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ციხეში პატიმრობის ვადის შესამცირებლად საქართველოს ხელისუფლება ახალი მექანიზმების დანერგვას აპირებს, განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში.
მისი თქმით, ერთი სამუშაო დღე პატიმრობის ერთ დღეს გაუტოლდება.
„ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ მათ უფრო მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათ ადათ-წესებზე“, — განაცხადა კახიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამინისტრო მსჯავრდებულებთან გარკვეული სამუშაოების შესრულებაზე შრომით კონტრაქტებს აფორმებს. სამუშაოდან თავისუფალ დროს მსჯავრდებულები საპატიმროს საამქროებში საკუთარი პროდუქციის წარმოებასა და ონლაინ-მაღაზიაში გაყიდვას შეძლებენ.
გარდა ამისა, პატიმრებს ასაქმებენ ის კომპანიები, რომლებსაც საპატიმროს ტერიტორიაზე წარმოების გახსნის ნებართვა გააჩნიათ.