თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. დაქორწინების შემთხვევაში მარტოხელა დედებს ან მამებს სტატუსი არ მოეხსნებათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მარტოხელა დედის ან მამის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი მითითებული არ არის. გარდა ამისა, ამ სტატუსით სარგებლობენ ის პირებიც, რომლებიც შვილის დაბადების მომენტში ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.
ცვლილებების თანახმად, პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი მოეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში გაჩნდება ჩანაწერი მეორე მშობლის შესახებ, ან როდესაც ბავშვს 18 წელი შეუსრულდება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატია. ომბუდსმენსის აზრით, დაქორწინების შემდეგ სტატუსის დაკარგვა უსამართლობაა, ვინაიდან დედინაცვალს ან მამინაცვალს ბავშვზე ზრუნვას კანონმდებლობა არ ავალდებულებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 2015 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 12 აპრილამდე 1 500-ზე მეტ ადამიანს მიენიჭა.
საქართველოში მარტოხელა მშობლის დახმარების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ ისინი გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მათი შემოსავალი წელიწადში 3 000 ლარს არ აღემატება.
იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.