თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა, პოლონეთის სეიმმა და სენატმა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი.
სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, რეგულარულ და აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ ერტობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ გავაღრმავოთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები და უფრო მეტიც, ეს სტრატეგიულ დონეზე ავიყვანოთ. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში და ეს ხელშეკრულება მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კიდევ უფრო წაახალისებს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა დაგეგმილი ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.
„ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული საპარლამენტო ასამბლეის ფორმატით. ასეთი ფორმატის შექმნა ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ეს იქნება ძალიან კარგი სიგნალი სხვა ქვეყნებისთვისაც“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კუჩინსკიმ აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეა სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება.
„ეს იქნება მაგალითი ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორ შეიძლება პარლამენტების საერთო სხდომები ჩატარდეს და შეიქმნას საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მუშაობაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას“, — განაცხადა მარეკ კუჩინსკიმ.
სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გახდება შემდგომი იმპულსი საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ, აღნიშნა კარჩევსკიმ.
„ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ თანამშრომლობების არეალი, კავშირები. ეს ხელს შეუწყობს დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამყარებას და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შემდეგი ეტაპი საპარლამენტო ასამბლეის მოწვევა იქნება“, — განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში 17 დეკემბერს დაიწყო და 19 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. საქართველო პოლონეთს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტიორად მიიჩნევს.