თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონელ კოლეგასთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ვაშჩიკოვსკი საქართველოში ჩამოვიდა "თბილისის მეორე კონფერენციაში" მონაწილეობის მიზნით, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ასევე ამ მიმართულებით საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ფორმატის შექმნის თაობაზე მემორანდუმი 2015 წლის 14 აპრილს გაფორმდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვდრაზე ჯანელიძემ დადებითად შეაფასა "თბილისის კონფერენციის" ფორმატი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში.
ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო ხალხთაშორისი ურთიერთობები და აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები ხელს უწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ამას მოწმობს 20 %-ით გაზრდილი პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.
პოლონელი მინისტრი ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა.
ვაშჩიკოვსკის სახით პრეზიდენტმა პოლონეთს როგორც საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს პარტნიორს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ვაშჩიკოვსკის საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება მან მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს დაუთმო.
2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ და პოლონეთმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლებიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არეგულირებს.