თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ 2018 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკის (პარლამენდის ქვედა პალატა) შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ შეხვედრა უკვე გამართა სენატის მარშალთან (პარლამენტის უმაღლესი პალატა) სტანისლავ კარჩევსკისთან. როგორც კობახიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოსა და პოლონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებთ.
„ჩვენი ისტორიული ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ვალია, ამ ურთიერთობების გაღრმავებაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ", — აღნიშნა კობახიძემ.
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავეცკის, რომელიც ქართულ-პოლონური საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
კობახიძემ მას მთავრობის მეთაურის პოსტი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში გამართული.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში 17 დეკემბერს დაიწყო და 19 დეკემბერს დასრულდება.