თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა, იუწყება ტელეკომომპანია „იმედი“ (Imedi).
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკის, სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის, პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პირველ ვიცეპრემიერ პიოტრ გლინსკის შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, მარეკ კუჩინსკი და სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმისა და სენატს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი ისინი პრესისთვის ერთობლივი განცხადებას გააკეთებენ.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქართველ სტუდენტებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ლექცია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ვარშავაში აჯანყების მუზეუმს დაათვალიერებს და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს გვირგვინით შეამკობს. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გვირგვინით შეამკობს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დაფას და უცნობი ჯარისკაცის საფლავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, გელა სამხარაული, მერაბ ქვარაია და ლაშა დამენია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.