თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ემიგრანტების ასეთი დიდი ნაკადი ბოლო 10 წლის მანძილზე საფრანგეთს არ ახსოვს, დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველმა ემიგრანტმა და ქართულ-ფრანგული თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებემელა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა.
სულაშვილის თქმით, საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ადამიანებს არ აქვთ ღამის გასათევებელი ადგილი, მათ-შორის არიან მძიმე ავადმყოფები, არასრულწლოვნები და უნარშეზღუდული ადამიანები.
დახმარების ცენტრი „115" ვერ უზრუნველყოფს მათ დროებითი თავშესაფრით, ამიტომ უმრავლესობას ცხოვრება უწევს პირდაპირ აეროპორტში, ან რკინიგზის სადგურში.
„სამწუხაროდ ამ ადამიანთა უმრავლესობა მსხვერპლია არასწორი ინფორმაციის, რადგან მათ ეუბნებიან, რომ საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო მარტივად იღებს ლტოლვილებს. სინამდვილეში კი ისინი გაუსაძლისი რეალობის წინაშე დგებიან“, — დაწერა სულაშვილმა.
მან თხოვნით მიმართა საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯები.
„ნუ ენდობით ეიფელის წინ გადაღებულ სელფებს და სხვა ამგვარ ცდუნებას. სიყვარულის ქალაქში, სიყვარულს ვერ იპოვნით თუ იქ თქვენი ოჯახის წევრები ან ახლო გულშემატკივრები არ გელოდებიან“, — აღნიშნა სულაშვილმა.
„საქსტატის“ მიერ 2014 წლის ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხოეთში ერთი წლით და მეტი ვადით 88,5 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. მათი უმრავლესობა ქალები არიან.
აღწერამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი დროით უცხოეთში უფრო ხშირად თბილისისა და იმერეთის მცხოვრებნი მიდიან. ამ კუთხით ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთი აღმოჩნდა — იქ ემიგრანტთა 21,7% წავიდა. შემდეგ მოდის საბერძნეთი, თურქეთი და იტალია. გერმანიაში ემიგრანტთა 7,1% არის წასული. საქართველოს მოქალაქეები ასევე მიდიან აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში.