თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შერიგებას სთავაზობს, იუწყება РИА Новости უკრაინული ტელეარხ "1+1"-ის ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის (ТСН) ვებგვერდზე დაყრდნობით.
მანამდე სააკაშვილი პოროშენკოსთან შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობდა.
ТСН-ის მონაცემებით, სააკაშვილმა პოროშენკოს წერილი გადასცა. „პოროშენკოს აქვს ეს წერილი. მიშა დეესკალაციას სთავაზობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საკაშვილის გუნდში არხს განუცხადეს, რომ არ იციან, მისწერა თუ არა მათმა ლიდერმა წერილი პოროშენკოს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ გვექნება შერიგება, თუ ყველა ჩვენი მოთხოვნა შესრულდება: ანტიკორუფციული სასამართლო, კანონი არჩევნების შესახებ, კანონი იმპიჩმენტის შესახებ და გენერალური პროკურორის გადადგომა“, — ციტირებს ТСН სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრ იური დერევიანკოს სიტყვებს.
მიხეილს უჭირს
„სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტის მისამართით, მისი განცხადება პოროშენკოსთან მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ, საჯარო მოწოდება მორიგ მარშზე, რომელშიც უკვე პოროშენკოს გვარი არც ერთხელ არ არის ნახსენები, ამის ნაცვლად კრიტიკა მიმართულია ზოგადად „ხელისუფლების“ მისამართით — მიხეილის ასეთი ნაბიჯები მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრი მისი მომხრისთვის, რომლებიც სააკაშვილში მძლავრ ბიძგს ხედავდნენ, რომელიც ეს–ესაა გაიტანდა თავის სავარძელიანად „ბარიგას ბანკოვაიას ქუჩიდან“, — დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრმა და პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის მომხრეები თავიანთი ლიდერის საქციელის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. გარდა ამისა, გრიცენკოს თქმით, ზოგიერთ მათგანი ეჭვობს კიდეც, რომ სააკაშვილი პოროშენკოს გაურიგდა.
ყოფილმა მინისტრმა ოპოზიციონერის კრიტიკოსებს შესთავაზა თავი მის ადგილას წარმოიდგინონ, სანამ მისი მისამართით საყვედურებს იტყოდნენ. გრიცენკომ მათ შეახსენა, რომ ადრე სააკაშვილი ხელისუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა, ახალი კი ის „არაფერს წარმოადგენს“, თანაც მშობლიურ საქართველოში მას გამოჩენისთანავე დააკავებენ.
„დამეთანხმეთ, მიხეილს უჭირს, ძალიან უჭირს. აქედან გამომდინარეა ის შეცდომები, ქვეყანაში არსებული განწყობების გადამეტებული და არაადეკვატური შეფასებები. ახლა მიხეილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად ის ჯერ კიდევ შორსაა მისი ღრმა გაგებისგან“, — აღნიშნა ექს-მინისტრმა.
სააკაშვილს უკრაინაში ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. პირველად ის 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა წარუმატებლად — ექს-გუბერნატორის ავტომობილი თანამზრახველებმა ალყაში მოაქციეს და იქიდან სააკაშვილი გამოიყვანეს.
სააკაშვილის დაკავება 8 დეკემბერს გახდა შესაძლებელი. სასამართლო თავისუფლების წინასწარი აღკვეთის შესახებ სამი დღის შემდეგ გაიმართა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა შინაპატიმრობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ექს-პრეზიდენტი გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.