კვირიკაშვილი გაეხვია სკანდალში, სადაც რამდენიმე მეგობარი ერთმანეთს რაღაცას ედავება

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უცნობის“ ხმამაღალმა განცხადებებმა „კარტელური გარიგებების“ შესახებ გამოიწვია სკანდალი, რომელსაც ბოლო არ უჩანს

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სკანდალის შესახებ „სასწრაფო დახმარების“ მანქანების შესყიდვის ტენდერთან დაკავშირებით ყოველდღე ახალი დეტალები ხდება ცნობილი — ამ ეტაპზე გაირკვა, რომ მისი ყველა მონაწილე, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ცალ–ცალკე ერთმანეთის მეგობრები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბათუმის ცენტრისთვის ათი მანქანის შესაძენად ტენდერი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აპრილში გამოაცხადა. მასში კომპანია Hyundai Auto Georgia-მ გაიმარჯვა.

სკანდალი სამშაბათს აგორდა, როდესაც ცნობილმა შოუმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ხელისუფლება თავისი სიძის, გიორგი შარაშიძის კომპანია Citroen Georgia-სთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის თქმით, ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და უპირატესობა ხშირად იმ კომპანიებს ენიჭება, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება.

Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили - Sputnik საქართველო
დატოვებს თუ არა თანამდებობას საქართველოს პრემიერი - კვირიკაშვილი სკანდალში გაეხვა

პრემიერ-მინისტრი გაჩეჩილაძის ბრალდებებით შეურაცხყოფილი დარჩა. მან განაცხადა, რომ მისი მეგობრის მხრიდან მსგავსი მოქცევა დაუშვებელია. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის დატოვოს დაკავებული თანამდებობა, თუ სასამართლო ტენდერთან დაკავშირებულ მთავრობის შეცდომას დაადასტურებს.

ამაზე საპასუხოდ გაჩეჩილაძემ გაასაჯაროვა სმს-შეტყობინებები, რომლებიც მან პრემიერს გაუგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილმა ძალიან ოფიციალურად უპასუხა, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ უყვარს თავისი მეგობარი, მაგრამ სახელმწიფოში სერიოზული პრობლემებია.

მოგვიანებით საქმეში პარლამენტის ექს-დეპუტატ გოგი თოფაძის ვაჟი ირაკლი თოფაძე ჩაერთო.

„ტენდერი სინამდვილეში მოიგო Hyundai Auto-მ, Hyundai Auto-ს მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძე არის ის ცნობილი ირაკლი თოფაძე, გოგი თოფაძის შვილი. ხეჩიკაშილის კომპანიებიც მონაწილეობდნენ ამ ტენდერშიც, ეს არის „იბერ კომპანი“, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და საერთოდ არც განუხილავთ მისი დოკუმენტაცია“, — განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრმა მამუკა ტუსკაძემ ტელეარხ Rustavi2-თან ინტერვიუში.

ის მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილმა და გაჩეჩილაძემ ტყუილად იჩხუბეს. ტუსკაძის თქმით, Hyundai Auto-ს გამარჯვებაში ჯანდაცვის სამინისტრო იყო დაინტერესებული.

„საერთოდ სხვა ფლანგზე არის ბრძოლა სინამდვილეში და ამ დროს პრემიერ–მინისტრი და მისი მეგობარი დაუპირისპირდნენ თოფაძემ რომ ტენდერი მოიგო იმის გამო ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა ღიად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტერესი,“ — აცხადებს მამუკა ტუსკაძე.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიციის გარეშე - კონსტიტუციის ცვლილებებს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა

Citroen Georgia-ს ადვოკატების თქმით, კომპანია ტენდერის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დისკვალიფიცირებული. ეს გადაწყვეტილება მათ ყოველ ჯერზე გაასაჩივრეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელიც კომპანიას ტენდერში მონაწილეობის ნებას კვლავ რთავდა, მაგრამ საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ უპირატესობა Hyundai Auto Georgia-ს მიანიჭა.

Citroen Georgia-ს იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი თქმით, ისინი ტენდერებს 2016 წლიდან აკვირდებიან. ამ პერიოდში მანქანების შესაძენად გამოცხადდა 57 ტენდერი, რომლებშიც ყოველთვის მონაწილეობდა თითო კომპანია მაინც, მათ შორის ხეჩიკაშვილის კომპანიები, ხოლო Citroen Georgia-ს ხელოვნურად უქმნიდნენ პრობლემებს და კონკურირების საშუალებას არ აძლევდნენ.

იურისტებმა მომხდარს მსხვილ კომპანიებს შორის „კარტელური გარიგება“ უწოდეს და სამშაბათსვე შეიტანეს საჩივარი კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა გააჩნია.

„რაც შეეხება კორუფციას, კარტელურ გარიგებებს — სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი თოფაძეების ოჯახშიც გააკეთეს.

„ისინი მეგობრობენ [კვირიკაშვილი და გაჩეჩილაძე]. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასეთი სკანდალი მათ შორის“, — განაცხადა გოგი თოფაძემ.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მეორე ვადა? - მარგველაშვილმა შეიძლება პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ამასთან მან განაცხადა, რომ მისი ვაჟი Hyundai Auto Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიური თავმჯდომარეა. იგივე განაცხადა მოგვიანებით თავად ირაკლი თოფაძემაც. მისი თქმით, ეს კომპანია ეკუთვნის მის მეგობარ დავით გიორგობიანს, და ის საბჭოს მუშაობაში არანაირად არ მონაწილეობს. თოფაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტენდერების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან და პრესიდან შეიტყო.

„დადის ნომინალურად… ირაკლი თოფაძე ჩემი მეგობარია, და 2011 წლიდან, უფრო ადრიდანაც, სამეთვალყურეო საბჭოში არის“, — განაცხადა გიორგობიანმა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ გაჩეჩილაძე და გიორგობიანიც მეგობრები არიან. 

„რაც შეეხება გია გაჩეჩილაძეს, ის ჩემი მეგობარია. თუ მას რაღაცა აინტერესებდა ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით, შეეძლო მოსულიყო და ეკითხა, მართლა ასეა თუ არა. სიმართლეს გეტყვით, ძალიან ნაწყენი ვარ, ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები რომ წამოვიდა ჩემი კომპანიის მისამართით, რომლის რეპუტაციასაც მე ძალიან ვუფრთხილდები“, — განაცხადა გიორგობიანმა.


ყველა ახალი ამბავი
0