თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სასულიერო აკადემიის კედლებში თეოლოგიის განხრით დოქტორანტურის დაარსებასა და პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვას მიეძღვნა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარდგნენ.
ქვეყნის პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს არასრულწლოვანთა მკვლელობის თემას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.
„აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამედ სიყვარულით და გაზიარებით. დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლება არსებული სისტემის შეცვლას შეუწყობს ხელს.
„მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას… მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში“, — ხაზგასმით აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მანდატურების მუშაობა აღნიშნა და გამოხატა სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული თანამდებობა არ გაუქმებულა.
კვირიკაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციის გზით არის შესაძლებელი იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
„განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს ვინაიდან, მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს სასულიერო და სამოქალაქო ხელისუფლებებს შოროს არსებობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მიიყვანა ქვეყანა.
„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისის ცენტრში 1 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი 16 წლის მოსწავლე დაიღუპა, მეორე დღეს წყალტუბოში დანით დარტყმას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
მომხდარის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სკოლის მანდატურების სამსახურის გაძლიერება გადაწყვიტეს. სანამ აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს, სკოლებში არსებულ სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
მანდატურები სკოლებში ძველი ხელისუფლების დროს, 2010 წელს, პროგრამა „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში გაჩნდენენ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა. სკოლის მანდატურების სამსახური განათლების სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაშია.