თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით სკოლის ტერიტორიებთან საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობის გაძლიერება და უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ორი — შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების დღის მთავარი თემა გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უწყებაში განხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას მოემსახურება.
„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, გამომძიებლები ვერ ჩაერთვებიან სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური მონაცემების ადამიანებია", — განმარტა გახარიამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას საკითხს ასევე შეეხო განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლებთან პატრულირებას გააძლიერებენ; ასევე გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციებიც.
„უახლოეს მომავალში დავიწყებთ მანდატურის სამსახურის ფუნდამენტურ შესწავლას. მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ყველა სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო", — განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრებმა უწყებებში ცვლილებები მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პირველ დეკემბერს, ვერაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.
შოთა ნოზაძე