თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ხელფასს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის არ იღებს საქართველოს სუპერმარკეტებში მომუშავე გამოკითხული თანამშრომლების 755, ხოლო რესპონდენტების 35%-ს ყოველდღე იმ სამუშაოს შესრულება უწევს, რაც მის მოვალეობაში არ შედის.
საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა არაკომერციული ორგანიზაციის "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა წარმოადგინა. კვლევაში წარმოდგენილია სუპერმარკეტებში მომუშავეთა უფლებების დარღვევის ძირითადი ფაქტები და ამას მასობრივი ხასიათი აქვს.
„მიწოდების ქსელი ერთ-ერთი ყველზე რთული სფეროა. იქ დასაქმებული ადამიანებისთვის თითქოს სრულიად სხვა სამყაროა შექმნილი და საკანონმდებლო სივრცე მათზე არ ვრცელდება… კვლევამ აჩვენა, რომ მიწოდების ქსელში არსებული მდგომარეობა ევროპული სტანდარტებისგან შორს დგას", — განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა კვლევის პრეზენტაციაზე.
კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხული რესპონდენტების 24%, ძირითადი საქმიანობის გარდა, მუდამ სხვა საქმითაც კავდებიან, ხოლო 39,5%-მა აღიარა, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ასრულებს დამატებით სამუშაოს.
რაც შეეხება ხელფასს, გამოკითხულთა 33,5%-მა განაცხადა, რომ მათ ხელფასები ხშირად უგვიანდებათ. საშუალო ხელფასია 362 ლარი, აქედან, საშუალოდ, 122 ლარი უკავდებათ. „საქსტატის" 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასია 940 ლარი.
სუპერმარკეტების თანამშრომელთა 41,1%-ის თქმით, ხელფასი სხვადასხვა მიზეზით უკავდებათ, მათ შორისაა — იმ საქმის შეუსრულებლობა, რომელიც მათ მოვალეობაში არ შედიოდა, დაგვიანება, შესვენების გამოყენება, სამსახურში უნიფორმის, ბეიჯის ან კეპის გარეშე გამოცხადება. 17,8%-მა კი აღიარა, რომ არ იცის ხელფასის დაკავების მიზეზი, ხოლო 58,9% აცხადებს, რომ დანაკლისის გამო დაჯარიმდა.
გამოკითხული რესპონდენტები კვირაში 45 საათს მუშაობენ. 75,8% არ იღებს ხელფასზე დანამატს ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო, ხოლო 80,2% არ იღებს დანამატს სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის.
კვლევის თანახმად, სუპერმარკეტების თანამშრომლებს ასევე არ შეუძლიათ შესვენებით სარგებლობა. გამოკითხულთა 68,8%-მა აღნიშნა, რომ იშვიათად ახერხებენ შესვენებაზე გასვლას, ხოლო 3,8%-ს საერთოდ არ შეუძლია კუთვნილი თავისუფალი დროის გამოყენება.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც მათ შესვენების გამოყენება არ შეუძლიათ, კვლევის თანახმად, არის ხელფასის შემცირება (1%), შესვენებაზე გასვლის არაფორმალური აკრძალვა (13%), დიდი დატვირთვა (86%).
კითხვაზე, იყენებენ თუ არა ისინი ფასიან შვებულებას ან ბიულეტენს, 65%-მა უპასუხა, რომ იყენებს შვებულებას, 15% — ბიულეტენს და კიდევ 15% — არაფერს იყენებს, 5% კი აღიარებს, რომ არ იყენებს, რადგან შვებულებაცა და ბიულეტენიც გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება.
კვლევა ჩატარდა პირდაპირი ინტერვიუს სახით. გამოიკითხნენ ქვეყნის დიდი სუპერმარკეტების თანამშრომლები. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.