თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. დასაქმების ყველაზე ნაკლებანაზღაურებადი განათლება, სოფლის მეურნეობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვა სფეროები აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს "საქსტატის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.
ბოლო ათ წელიწადში ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების ხელფასი გაიზარდა, თუმცა, ისეთ სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან განსხვავებით, როგორიცაა მშენებლობა ან ფინანსები, საკმაოდ დაბალი რჩება.
კერძოდ, განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი თვეში 563,9 ლარს შეადგენს. 2007 წელს ეს თანხა 150 ლარი იყო.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ნადირობასა და სატყეო მეურნეობას, ამ სფეროებში დასაქმებულების საშუალო ხელფასია 547,9 ლარი. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 200 ლარს შეადგენდა.
შემდეგ მოდის სასტუმროები და რესტორნები — 740,7 ლარი; 2007 წელს — 220 ლარი.
კომუნალური, სოციალურ8ი და პერსონალური მომსახურების სფეროს მუშაკები თვეში საშუალოდ 781,9 ლარს იღებენ, ხოლო 2007 წელს ეს თანხა 240,9 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება გადამამუშავებელ მრეწველობას, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების საშუალო ხელფასი 826,1 ლარია. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 316 ლარს შეადგენდა.