თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონები წლიდან წლამდე ცარიელდება და თავის ფუნქციას კარგავს, ამაზე მეტყველებს „საქსტატის" (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) 2016 წლის მონაცემები, რომლის თანახმად ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს.
რეგიონებიდან დასაქმებულების რაოდენობის მხრივ ლიდერობს აჭარა (9,3%), შემდეგ მოდის იმერეთი (7,0%), მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი (5,5%), მეოთხეზე — სამგრელო-ზემო სვანეთი (3,9%). „საქსტატის" ანგარიშში სხვა რეგიონების დასაქმებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები მითითებული არ არის.
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს დასაქმდა 1 მილიონ 763 ათასი ადამიანი. მოსახლეობის 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში ცხოვრობს 3 მილიონ 729,6 ათასი ადამიანი. აქედან დაახლოებით 1,6 მილიონი ცხოვრობს რეგიონებში, ხოლო 2,1 მილიონზე მეტი — ქალაქებში.
„ყველაზე დიდი პობლემა ქვეყანაში დასაქმებაა. მუშახელის რაოდენობის გადანაწილების მხრივაც რომ არაპროპორციულ მაჩვენებელს ვაწყდებით, ესეც პრობლემას ქმნის. რადგან დასაქმების მაჩვენებელი დედაქალაქში უფრო მეტია, ვიდრე რეგიონში, შესაბამისად, იქით ისწრაფის მოსახლეობაც. სოფლის დაცლის შემთხვევაში ადამიანი სამსახურის საძიებლად მიდის ან თბილისში, სადაც ეგულება პერსპექტიული ვარიანტი, ანდა — ბათუმისკენ, ისიც — სეზონურად", — განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძემ გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში.
აროშიძის თქმით, დიდ პრობლემად რჩება ის, რომ ქვეყანას სხვადასხვა სფეროში სპეციალისტები აკლია. არსებობს ფაბრიკებისა და ქარხნების შექმნის მოთხოვნილება, მაგრამ არ არსებობს რეალური მუშახელი, რომელიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს. გამორიცხული არაა, რომ ასეთი ობიექტები მეზობელი ქვეყნების მუშახელით შეივსოს, აღნიშნა ექსპერტმა.