თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით შსს-ს ხუთი თანამშრომელი დააჯილდოვა, რომელთაგან ოთხი — საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პატრულს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ადამიანებს ასეთი პრობლემების დროს. ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მივეცით იარაღი, ვისაც მივეცით ძალაუფლება, ვისაც მივეცით ხელში ძალა, ეს ადამიანები ამ ძალას სწორედ ჩაგრულთა დასაცავად იყენებენ, მათი პრობლემების შესამსუბუქებლად. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ ბევრი, ტრაგიკული შემთხვევის გააზრებით, რომელიც მოხდა ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს ძალას, როგორც ძლიერი ადამიანები, გამოვიყენებთ საზოგადოების აღსაზრდელად და მაგალითის საჩვენებლად — რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ღირსების ორდენი გადაეცა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელ მაია პელიშვილს, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ვლადიმერ ადამიას, კახა ტაბატაძეს და პაატა მოსულიშვილს და აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორ ნინო დუმბაძეს.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ნათია მეზვრიშვილი და ქვეყნის ახლადარჩეული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც საკუთარი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.
„ჩემთვის ნამდვილად ძალიან სიმბოლური და დიდი პატივია, რომ ომბუდსმენის რანგში პირველ სამუშაო დღეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ საუბარი გვიწევს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ნადვილად გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალთა უფლებების დასაცავად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, — განაცხადა ლომჯარიამ.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიხსნა გამოფენა „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც იგივე სახელწოდების გაზეთის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენა სამი თაობის ქართველ ქალთა ნამუშევრებს აერთიანებს. წარმოდგენილი იყო მცირე ნაწილი სამი საერთაშორისო პროექტისა — „50 ქართველი ქალი“, „საქართველოს ქალები“ და „გოგონები მომავლიდან“.