თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქალთა მსვლელობა „არ დავთმოთ ღამე” დღეს თბილისში „ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” მოაწყო.
აქცია საღამოს 19:30 საათზე გმირთა მოედნის მიწისქცეშა გადასასვლელიდან დაიწყო, შემდეგ კი ვარაზისხევის მიმართულებით გაგრძელდა.
„წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას, ამიტომ, მსვლელობას გმირთა მოედნიდან დავიწყებთ. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი. ამ გადასასვლელთან ისტორია არაერთ ქალს და გოგონას აკავშირებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, რომლებსაც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიახლოვის გამო ხშირად უწევთ გმირთა მოედნის გადაკვეთა“, — ნათქვამოა ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქციის ორგანიზატორების აზრით მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა არ მიეცეს და განიხილებოდეს, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში; მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, რადგან განათებების მოწესრიგება პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ძალადობის შესაჩერებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 185 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან სამართლებრივი დევნა 120 შემთხვევაში დაიწყო.
მოძალადე მამაკაცებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში, ასევე მსხვერპლ ქალებში – 25-44 წლის ასაკობრივ შუალედში.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის სახეებიდან ჭარბობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საქართველოს რეგიონებს შორის ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისში, ყველაზე ცოტა — სამცხე-ჯავახეთში.